2012-06-27

საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში -„საბერძნეთი-ევროპული იდენტობა-საქართველო“

27 ივნისს, 19.00 საათზე  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „საბერძნეთი-ევროპული იდენტობა-საქართველო“ გაიმართება. კონფერენცია საბერძნეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლისთავისა და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილი დღეების ფარგლებში იმართება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი სტუდენტების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი „ყველა ეპოქის დიდი ბერძნები;“ გაიმართება გამოფენა „საბერძნეთი ქართველ მხატვართა შემოქმედებაში“ და საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსის“ წიგნების გამოფენა, ხოლო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შედგება ექსპოზიცია „ბერძნული ხელნაწერები საქართველოში;“ მოეწყობა დეფილე - „ანტიკური მოდების სამყარო“ - მინოსური კრეტადან გვიანანტიკურობამდე.
ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელეფთერიოს პროიოსი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი სულხან სისაური დაესწრებიან.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.

30 ივნისს, 20.00 საათზე კონფერენცია დაიხურება დეფილეთი - „ანტიკური მოდების სამყარო“- მინოსური კრეტადან გვიანანტიკურობამდე. 
   
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი