2011-10-18

ინტელექტუალური საკუთრება 2

    იმიტირებული სასამართლო პროცესები ინტელექტუალურ სამართალში ელსა საქართველოს აკადემიური საქმიანობის  მიმართულების ბრენდპროექტს წარმოადგენს, რომელიც გამოირჩევა თავისი მასშტაბურობითა და სტუდენტთა განსაკუთრებული დაინტერესებით.

   პროექტის პირველი გამოშვება განხორციელდა  2009 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პარტნიორობით.

    2011 წლის შემოდგომის სემესტრში ელსა საქართველო აღნიშნულ პროექტს  კვლავ შესთავაზებს მთელი საქართველოს მასშტაბით სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს. ამჯერად, პროექტის გენერალური პარტნიორები იქნებიან თბილისის საქალაქო სასამართლო,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი სტუდენტური თვითმმართველობა, საქართველოს ავტორთა საზოგადოება და  საქპატენტი (ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი).

   მონაწილეთა შერჩევა მოხდება გუნდური პრინციპით (თითოეულ გუნდში 2–2 მონაწილე), რომლებსაც დარეგისტრირება შეეძლებათ თბილისის, ქუთაისის, გორის და ბათუმის  სარეგისტრაციო ზონებში სპეციალური, ელექტრონული  სააპლიკაციო ფორმის შევსების გზით.

18 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოში პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

5 ნოემბერს თბილისში დარეგისტრირებულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტესტირება (წერითი ეტაპი ჩატარდება მხოლოდ თბილისში). ამავე დღეს შეირჩევა გუნდები გორსა და ქუთაისში, ხოლო 6 ნოემბერს – ბათუმში. სულ შეირჩევა 8 გუნდი, აქედან 5 გუნდი წარმოადგენს თბილისს, ხოლო თითო–თითო რაიონებს.

შერჩეულ გუნდებს იმიტირებულ პროცესებამდე ჩაუტარდებათ ტრენინგები.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება 7 პროცესი. 19 ნოემბერს  – 4 შესარჩევი პროცესი, 26–27 ნოემბერს – ნახევარ–ფინალები, ხოლო 4 დეკემბერს – ფინალი. თითოეული ეტაპის და საბოლოო გამარჯვებული გუნდი გამოვლენილ იქნება კომპეტენტური ჟიურის მიერ.

     პროექტში გამარჯვებული გუნდის წევრები  გაივლიან სტაჟირებას საქალაქო სასამართლოში.
« იხ. ყველა ანონსი