2017-05-17

აკაკი შანიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო თსუ-ში

17 მაისს 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი მეცნიერისა და ქართველოლოგიის პატრიარქის, აკადემიკოს აკაკი შანიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, თსუ-ს ქართული ენის ინსტიტუტის წარმომადგენლები, აკაკი შანიძის ოჯახის წევრები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან. 

საღამოზე გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქციის მიერ მომზადებული კრებულის ,,აკაკი შანიძე - ქართული საქმის კაცი” (პუბლიცისტური ნარკვევები # 4) პრეზენტაცია გაიმართება. კრებულის შემდგენელი და რედაქტორია გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორი ნინო კაკულია; რეცენზენტი-რედაქტორია ავთანდილ არაბული.  კრებულის წარდგენის შემდეგ გაიმართება ფილმის ,,აკაკი შანიძე” ჩვენება. ფილმი მომზადებულია პროექტის ,,მათ შექმნეს უნივერსიტეტი” ფარგლებში (სამხატვრო ხელმძღვანელია მერაბ კოკოჩაშვილი).

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი