2016-02-18

თსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს განათლების მეექვსე საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც 18-19 თებერვალს საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიმართება. გამოფენა 18 თებერვალს, 11.00 საათზე გაიხსნება.

გამოფენაზე თსუ ორიგინალური სტენდით წარსდგება. გამოფენის სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას თსუ ფაკულტეტების, საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), გაცვლითი პროგრამების შესახებ.

კავკასიაში პირველი - თბილისის უნივერსიტეტი 1918 წელს გაიხსნა. ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერია დღესაც - თავისი მასშტაბითა და სწავლების ხარისხით: უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, მედიცინის და იურიდიული ფაკულტეტები, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა) 20 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს; თსუ-ს შემადგენლობაშია 16 სამეცნიერო ინსტიტუტი, ასევე ფაკულტეტებზე არსებობს  სხვადასხვა მიმართულების კვლევითი ინსტიტუტები და ცენტრები; თსუ-ს აქვს უნიკალური ფონდების მქონე ბიბლიოთეკა და მუზეუმი.   

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200-ზე მეტი საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, პროფესიული და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა  მოქმედებს.


« იხ. ყველა ანონსი