2014-06-09

პროექტის „TSU School of Entrepreneurship“ ფინალური ღონისძიება

9 ივნისს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტონურ-ქართული პროექტის „TSU School of Entrepreneurship“-ის ფინალური ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პრიიტ ტურკი დაესწრებიან.

პროექტი „TSU School of Entrepreneurship“ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის დეკემბრიდან, ესტონურ კომპანია „BDA Consulting“-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

პროექტის მიზანია ტრენინგ–პროგრამების საშუალებით, მცირე ბიზნესის განსავითარებლად თსუ-ს სტუდენტების მომზადება. მასში მონაწილეობის მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს პროექტში მონაწილე 12 გუნდიდან ნახევარფინალში გასული 6 გუნდი, რომლებმაც ა/წ აპრილში ერთკვირიანი სტაჟირება გაიარეს ესტონეთის სხვადასხვა კომპანიაში და  ბიზნესის განვითარების თეორიული ცოდნა გაიღრმავეს ესტონური გამოცდილების მაგალითზე.

ღონისძიებაზე საგანგებო ჟიური გამოავლენს 3 საუკეთესო გუნდს. მათ ფულადი ჯილდო გადაეცემათ. ასევე, დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ფავორიტი გუნდის გამოვლენის საშუალება მიეცემა.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, , II სართული , თსუ მუზეუმი


« იხ. ყველა ანონსი