2016-01-22

„თსუ მეცნიერება“- პრეზენტაცია

22 იანვარს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის „თსუ მეცნიერების“ მეშვიდე, შემაჯამებელი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.

„თსუ მეცნიერების“ ახალ ნომერში მოცემულია ინფორმაცია უნივერსიტეტში განხორციელებული სამეცნიერო კვლევების ნაწილის შესახებ. გამოცემა გრაკლიანის აღმოჩენით იხსნება. გრაკლიანის გორაზე, არქეოლოგიური გათხრების დროს მიგნებული უძველესი წარწერა, შესაძლოა, ახალი ერის დასაწყისი გახდეს არა მხოლოდ საქართველოს ისტორიისთვის. ჟურნალში, აგრეთვე, განთავსებულია ინფორმაცია თსუ-ს როლსა და ადგილზე საერთაშორისო რანჟირების სისტემებში და სხვა.

ჟურნალი „თსუ მეცნიერება“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემაა. სამეცნიერო-პუპულარული ჟურნალის მიზანია საზოგადოებას უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. წარმოდგენილია მასალები თანამედროვე კვლევების შესახებ, რომელმაც უკვე მოიპოვეს საერთაშორისო გამოხმაურება; მიღებული აქვთ კვლევითი გრანტები; მათ შესახებ ქვეყნდება სტატიები მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში; მოხსენებები წარმოდგენილია სამეცნიერო კონფერენციებზე; ხშირ შემთხვევაში ეს კვლევები წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია.

ჟურნალი გამოდის ორ - ქართულ და ინგლისურ ენებზე. პირველი ორენოვანი ჟურნალი 2011 წელს გამოვიდა და ყოველწლიურად ორი ნომერი გამოდიოდა; 2014 წლიდან კი გამოცემა უკვე ყოველწლიურია და ორ დამოუკიდებელ - ქართულ და ინგლისურ პუბლიკაციებად არის წარმოდგენილი. 2015 წლიდან შეიქმნა ჟურნალის ორენოვანი ვებგვერდი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე



« იხ. ყველა ანონსი