2017-12-26
თსუ სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ოფიციალური გახსნა
26 დეკემბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სტუდენტები, პროფესორები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრებიან.
ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნივერსიტეტს თსუ 99 წლის იუბილეზე გადასცა.
ევროპული სტანდარტების 320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი კომპლექსი სამი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება. გათვალისწინებულია საზოგადოებრივი/ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა და სპორტული მოედანი. ღონისძიების მიმდინარეობისას ლისის საერთო საცხოვრებლის სპორტულ მოედანზე გაიმართება თსუ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ტურნირის Liga TSU-ს ფინალური მატჩი თსუ საფეხბურთო გუნდებს - იურიდიული ფაკულტეტის „კოლოკვიუმსა“ და ტურიზმის სკოლის „სიამსკის“ შორის.
საზეიმო ღონისძიებას დაასრულებს მუსიკალური ბენდის „ლაბირინთის“ კონცერტი.
მისამართი: ლისი, ფერმწერთა ქუჩა
« იხ. ყველა ანონსი