2018-05-19

თსუ-ს ღამის ექსპოზიცია

19 მაისს, 20:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ოთხი სხვადასხვა გამოფენა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაპელას კონცერტი გაიმართება.

თსუ-ს პირველი კორპუსის ცენტრალურ ფოიეში წარმოდგენილი იქნება 1918-1921 წლებში მიმდინარე განათლების რეფორმის შესახებ დოკუმენტები და ფოტო მასალები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დაარსებულ სკოლათა სიები, ცნობილ პირთა მასწავლებლებად დანიშვნის ბრძანებები, წარჩინებულ სტუდენტთა საზღვარგარეთ გაგზავნის პროგრამის მასალები, დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული დამოკიდებულების ამსახველი დოკუმენტები.

თსუ-ს მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გამოიფინება თსუ ემიგრაციის მუზეუმში დაცული უნიკალური მასალები და ექსპონატები: სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშისა და გერბის მაკეტები), სახელმწიფო ბეჭდებისა და ლუქების ნიმუშები, შტანდარტის კლიშე, დემოკრატიული მთავრობისა და უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის მიმოწერები, საქართველოს კონსტიტუცია ფრანგულ და ინგლისურ ენებზე; პირველი დემოკრატიული მთავრობის ეპისტოლური მემკვიდრეობა, ოფიციალური დოკუმენტები; ემიგრაციაში წასული მთავრობის წევრების, საზოგადო მოღვაწეების ფოტო და დოკუმენტური მასალები.

თსუ სააქტო დარბაზის ფოიეში გამოფენა -„უნივერსიტეტის თეატრი - 100“ გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება უნივერსიტეტის თეატრის ასწლოვანი მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, აფიშები, თეატრალური ესკიზები, ჟურნალ-გაზეთები, სიგელები, თეატრალური კოსტიუმები.

თსუ-ს საგამოფენო გალერეაში გამოიფინება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის ფონდებში დაცული ცნობილი ქართველი მხატვრების ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, ლევან ჭოღოშვილის, დიმიტრი ერისთავის, ირაკლი ფარჯიანის, გოგი ალექსი-მესხიშვილის და სხვათა ნამუშევრები.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი.


« იხ. ყველა ანონსი