2013-09-25

მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“

25 სექტემბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი აწყობს მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმს „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები.“ სიმპოზიუმის თემაა  „ლიტერატურა დევნილობაში. ემიგრანტების მწერლობა (მე-20 საუკუნის გამოცდილება)“.

სიმპოზიუმში ორასამდე მეცნიერი 19 ქვეყნის (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, ბულგარეთი, მაკედონია, ისრაელი, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ლიტვა, ლატვია, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, ერაყი, ყაზახეთი, ყირგიზეთი), აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან, ქუთაისიდან და გორიდან მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიებაზე მეცნიერები წარმოადგენენ მოხსენებებს თემებზე: ემიგრანტული მწერლობა - ალტერნატიული ლიტერატურული დისკურსი; ლიტერატურული ჟანრები და მხატვრული მოდელები; ინტეგრაცია და ადაპტაცია; ემიგრანტული პუბლიცისტიკა და კრიტიკა; ემიგრანტი მწერლების ენისა და სტილის პრობლემები; ქართულენოვანი ლიტერატურა უცხოენოვან გარემოში - ისრაელი. მოეწყობა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ლიტერატურა საზღვრის სხვადასხვა მხარეს“.

სიმპოზიუმი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გაიმართება და 27 სექტემბრამდე გასტანს.

მისამართი: „შერატონ მეტეხი პალასი“ (თელავის ქ. 20) საპრეზენტაციო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი