2010-05-10

კონკურსი სტუდენტებისთვის

გაეროს განვითარების პროგრამა და იურიდიული დახმარების სამსახური  აცხადებენ საკონფერენციო ნაშრომების კონკურსს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სტუდენტებისთვის თემაზე:

“მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა დემოკრატიულ საზოგადოებაში და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური”

კონკურსის მიზანია სტუდენტებში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, დაცვის უფლებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სტუდენტებს შორის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, დაცვის უფლებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ დისკუსიის ხელშეწყობა.


ნაშრომები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
LegalAid.Conference@gmail.com


წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 მაისი 2010 წ. ბოლო ვადის გასვლის შემდეგ მიღებული ნაშრომები კონკურსზე არ დაიშვება.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: www.undp.org.ge, www.legalaid.ge და www.jobs.ge.   ტ. 92-02-34


  1. მოთხოვნები მონაწილეთათვის:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სტუდენტებს. არ დაიშვებიან ის სტუდენტები, რომლებიც დასაქმებულები არიან იურიდიული დახმარების სამსახურში (გამონაკლისია იურიდიული კლინიკების საქმიანობაში მონაწილე სტუდენტები).

  1. მოთხოვნები ნაშრომისთვის:

კონკურსის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შინაარსობრივ, აკადემიურ და ტექნიკურ მოთხოვნებს.

2.1 ნაშრომით მოცული უნდა იქნეს მსჯელობა და ანალიზი შემდეგ საკითხებზე (ჩამონათვალი ამომწურავი არ არის):

2.1.1 მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და დაცვის უფლება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით;

2.1.1.2 კანონმდებლობა საქართველოში იურიდიული დახმარების შესახებ და იურიდიული დახმარების სამსახურის პრაქტიკა;

2.1.1.3 მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, დაცვის უფლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციები.

2.2 წარმოდგენილი უნდა იქნეს ორიგინალური ნამუშევარი, რომელიც არ ყოფილა მანამდე გამოქვეყნებული და უნდა შეადგენდეს ავტორის ნააზრევს. სხვა ავტორთა მოსაზრებები უნდა იყოს პერიფრაზირებული ან ბრჭყალებში ჩასმული და ორივე შემთხვევაში სათანადოდ ციტირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგინდება პლაგიატი და მონაწილე კონკურსს გამოეთიშება. ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს აკადემიური მართლწერის წესებს: პასუხობდეს თემას, სტრუქტურულად შედგებოდეს შესავალი, განმხილველი და დასკვნითი ნაწილებისგან, ეფუძნებოდეს ციტირების ერთგვაროვან სისტემას, თან ერთვოდეს ბიბლიოგრაფია.

2.3 ნაშრომი შედგენილი უნდა იქნეს ელექტრონულად, გავრცელებულ ფონტში. სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა არის 4 000 (სქოლიოებისა და ბიბლიოგრაფიის გარეშე).  ნაშრომის თავფურცელზე აღნიშნული უნდა იყოს: სტუდენტის სახელი, გვარი, სტუდენტის ნომერი, პირადობის მოწმობის პირადი ნომერი, ფაკულტეტი, კურსი, უნივერსიტეტი, საკონტაქტო მონაცემები.

2.4 ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ნაშრომი მოიხსნება კონკურსიდან.

  1. კონკურსის ტურები:

3.1 კონკურსი ტარდება ორ ტურად. პირველ ტურში შეირჩევა ნაშრომები, რომლებიც აკმაყოფილებენ მონაწილეებისა და ნაშრომებისთვის დაწესებულ ზოგად მოთხოვნებს. შერჩეული ნაშრომების ავტორები მიიღებენ საკონფერენციო ნაშრომების კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელ სერთიფიკატებს.

3.2 მეორე ტურში შეირჩევა სამი საუკეთესო ნაშრომი, რომლის ავტორები მიიღებენ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაწესებულ ჯილდოებს.

3.3 დამატებით გამოცხადდება კონფერენციის თარიღი, რომელზეც მიიწვევიან პირველ ტურში შერჩეული სტუდენტები. მათ გადაეცემათ სერთიფიკატები. სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორებს გადაეცემათ ჯილდოები. მოეწყობა სამი საუკეთესო ნაშრომის პრეზენტაცია.

  1. შეფასების კრიტერიუმი და კომისია:

4.1 პირველ ტურში ნაშრომები გაიცხრილება მიმღები კომისიის მიერ მონაწილეებისა და ნაშრომებისთვის დაწესებული ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე.

4.2 მეორე ტურში ნაშრომებს აფასებს კვალიფიციური  კომისია, შემდგარი თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი იურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. კომისია  უპირატესობას მიანიჭებს სამ ნამუშევარს, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს და მე-5 პუნქტში დასახულ მიზნებს, გამოირჩევა ორიგინალური და ღრმა მსჯელობით, სამეცნიერო კვლევის მასშტაბებით და შეუძლია წვლილი შეიტანოს საქართველოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, დაცვის უფლებისა და იურიდიული დახმარების შესახებ მეცნიერულ განხილვაში.

« იხ. ყველა ანონსი