2015-06-19

,,მიკროეკონომიკის თეორია: ძირითადი პრინციპები და გავრცობა” - პრეზენტაცია

9 ივლისს,  11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება  მსოფლიოში ცნობილი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოს ,,მიკროეკონომიკის თეორია: ძირითადი პრინციპები და გავრცობა” ქართულ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ პროფესორი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი თეიმურაზ ბერიძე, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

 სახელმძღვანელოს  ქართულენოვანი თარგმანის სამეცნიერო რედაქტორია პროფესორი ეთერ ხარაიშვილი, სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან  ასოცირებული პროფესორები: ი. გაგნიძე, მ. ნაცვალაძე, ი.  ნაცვლიშვილი, მ. ჩავლეიშვილი და დოქტორატი ლ. ლაბაძე.

წიგნის ავტორია ცნობილი ეკონომისტი ვალტერ ნიკოლსონი, რომელმაც დოქტორის ხარისხი მოიპოვა მასაჩუსეტის უნივერსიტეტში და ამჟამად ემჰერსტის კოლეჯის პროფესორია აშშ-ში. ხოლო თანაავტორია ქრისტოფერ სნაიდერი, დარტმუთის კოლეჯის პროფესორი. ამ სახელმძღვანელოთი ასწავლიან მაგისტრატურაში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის  კალიფორნიის,  კოლორადოს,  ჯორჯ ვაშინგტონის, ემ-აი-თის (MIT), კენტუკისა და   დუკის უნივერსიტეტებში,  დარტმუთის კოლეჯში (აშშ), ვარვიკის უნივერსიტეტში  (დიდი ბრიტანეთი), ვილფრიდის უნივერსიტეტში  (კანადა), ლონდონის ეკონომიკის სკოლაში (LSE),  ჰონგკონგის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში და სხვ.

სახელმძღვანელო გამოიცა თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას ინიციატივით მოქმედი სახელმძღვანელოების თარგმნის საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში და  დაიბეჭდა თსუ სტამბაში.

სახელმძღვანელო   განკუთვნილია მაგისტრანტებისათვის. ცალკეული თემების გამოყენება მიზანშეწონილია  დოქტორანტებისათვის. სახელმძღვანელო ასევე, გარკვეულ დახმარებას გაუწევს  ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომელთაც სურთ სიღრმისეულად შეისწავლონ მიკროეკონომიკური თეორიები. წიგნი მნიშვნელოვანია  მიკროეკონომიკური თეორიების სწავლებითა და კვლევით დაინტერესებული აკადემიური პერსონალისათვის.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპ. 107-ე ( ივ. ჯავახიშვილის სახ.) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი