2015-11-18

ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმის გახსნა

18 ნოემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი გაიხსნება.

მემორიალური მუზეუმი განთავსდება ოთახში, სადაც დიდმა მწერალმა უკანასკნელი დღეები გაატარა. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები. მათ შორისაა მწერლის დაბადების  მოწმობა, სხვადასხვა დროის ცხოვრებისეული საბუთები, გარდაცვალების ამსახველი დოკუმენტები, მგოსნის ხელნაწერთა ასლები. ასევე გამოიფინება  ვაჟას სახელთან დაკავშირებული ზოგიერთი ნივთი - პოეტის ნიღაბი, საწვენე, რითაც სარგებლობდა ავადმყოფი პოეტი, ვაჟას მამის, პავლე რაზიკაშვილის ხელჯოხი და სხვ.

მუზეუმში გამოიფინება ვაჟას ნაწარმოებებზე შექმნილი ცნობილი მხატვრების: ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, გოგი და ირაკლი ოჩიაურების, სევერიან მაისაშვილის, ლევან ცუცქირიძისა და სხვათა ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი. 316-ე ოთახი
« იხ. ყველა ანონსი