2015-05-21

აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის 110 წლის იუბილე თსუ-ში

21 მაისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ქართული ფინანსური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელის  აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის დაბადებიდან 110 წლის საიუბილეო ღონისძიება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პროფესორი ნოდარ ხადური, თბილისის მერი, პროფესორი დავით ნარმანია, საქართველოს საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე, თსუ ფინანსებისა და საბანკო საქმის  კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირაკლი კოვზანაძე, ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძეს დიდი წვლილი მიუძღვის ფინანსური თეორიების მეცნიერულ დამუშავებაში. იგი 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქვეყნის ფინანსების, ფულის მიმოქცევისა და კრედიტის  პრობლემების კვლევის მთავარ სამეცნიერო ცენტრს - თსუ ფინანსებისა და კრედიტის კათედრას. გამოაქვეყნა 205-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მისი ნაშრომების უმეტესი ნაწილი ეძღვნებოდა ფინანსების თეორიას, ეკონომიკის დარგთა ფინანსებს, ფინანსების ისტორიას, ეკონომიკური აზრის ისტორიას, ეკონომიკურ ტერმინოლოგიას და სხვა. ვასილ ჩანტლაძის შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე.

საიუბილეო ღონისძიებები დაიწყება 11.00 საათზე აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძისა და აკადემიკოს პაატა გუგუშვილის საფლავების პატივისმიგებისა გვირგვინებით შემკობის ცერემონიალით.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ფინანსებისა და საბანკო საქმის  კათედრა.  

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 2, თსუ მეათე (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია

   

« იხ. ყველა ანონსი