2019-11-15
სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელოვნება. ეპოქები და ტენდენციები“
15 ნოემბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელოვნება. ეპოქები და ტენდენციები“, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, შალვა ამირანაშვილის დაბადებიდან 120-ე წლისთავს.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. საიუბილეოდ დაიბეჭდა შალვა ამირანაშვილის მიერ ათწლეულების განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების კრებული: „ნარკვევები ქართული ხელოვნების ისტორიიდან“, რომელიც მომზადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში, ხოლო დაიბეჭდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ. კონფერენციის გახსნისას გაიმართება ამ კრებულის პრეზენტაცია.
კონფერენცია 16 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დასრულდება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია