2015-04-25

თსუ-ში ეკოლოგიის თემაზე ესეების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდება

25 აპრილს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკოლოგიის თემაზე ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.  კონკურსი საქართველოს მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ეხება და მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში მდინარის ეკოლოგიური პრობლემების გათავისებასა და მოსწავლეთა აქტიურ ჩართვას მდინარეების დაცვით ღონისძიებებში. კონკურსში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 103 სკოლის მოსწავლემ მიიღო.

კონკურსისთვის ესეების მიღება დაიწყო 26 მარტს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ესეები, რომელშიც განხილულია საქართველოს სხვადასხვა მდინარის ეკოლოგიური პრობლემები და მათი გამოსწორების პერსპექტივები. კონკურსის ჟიურიმ 13 საუკეთესო ესე შეარჩია. გამარჯვებული გამოვლინდება ფინალში გადასული 13 ნამუშევრიდან.

ესეების კონკურსის ყველა ფინალისტ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო I, II, III ადგილოსანი გამარჯვებულები დაჯილდევდებიან დიპლომებითა და უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზით.

კონკურსი  თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტმა და სტუდენტური თსუ-ეკო კლუბმა გამოაცხადა საერთაშორისო პროექტ დიდი ნახტომის(Big Jump Challenge) ფარგლებში.  

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 307-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი