2017-10-06

„იდეოლოგია და ლინგვისტური იდეები“

6 ოქტომბერს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია „იდეოლოგია და ლინგვისტური იდეები“. კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროს წარმომადგენლები აშშ-დან, ნიდერლანდებიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან, შვედეთიდან, რუსეთის ფედერაციიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და ტაივანიდან.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონფერენციის მოხსენებათა დიდი ნაწილი ეძღვნება 1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შედეგად შექმნილი ახალი იდეოლოგიის პირობებში ჩამოყალიბებულ საენათმეცნიერო და ფილოსოფიურ თეორიებს და მათი პრაქტიკაში დანერგვის შედეგებს. 

ღონისძიება იდეოლოგიის ლინგვისტურ იდეებზე გავლენას ეძღვნება, ამიტომ  ნიკო მარი, იოსებ სტალინი და არნოლდ ჩიქობავა იქნება მოხსენებათა ერთი ნაწილის ძირითადი თემა. კონფერენციაზე ცნობილი ნორვეგიელი ქართველოლოგის, ჰანს ფოგტის ვაჟი, პიტერ ფოგტი თავის თანაავტორებთან ერთად მოხსენებას წაიკითხვს მისი მამის სარქივო მასალების მიხედვით.
 
კონფერენციის პროგრამა და თეზისები იხილეთ ბმულზე.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ, I კორპუსი, 212-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი