2014-09-13

გრიგოლ ფერაძე - წმინდანის დაბრუნება მშობლიურ უნივერსიტეტში

13 სექტემბერს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა გაიხსნება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ქართველი და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან. ღონისძიებაზე, რომელიც წმინდა გრიგოლის 115-ე წლისთავს ეძღვნება, გაიმართება ვიდეოფილმის „ის რაც გვაგონებს გრიგოლ ფერაძეს“- პრემიერა; გამოიფინება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივებში დაცული ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძესა და ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიწერილი გრიგოლ ფერაძის წერილები, თსუ ემიგრაციის მუზეუმში დაცული წმინდა გრიგოლ ფერაძის სამშობლოსა და ემიგრაციაში ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახეველი იშვიათი ფოტოები, ხელნაწერები და ბეჭდური მასალა. 

ღონისძიების დაწყებამდე, 13.00 საათზე წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში (უნივერსიტეტის ეზო) ჩატარდება სავედრებელი პარაკლისი.

წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე 1918-1921 წლებში იყო თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი. 1921 წელს საქართველოს საეკლესიო კრებამ, ნიჭიერი სტუდენტი თეოლოგური ცოდნის დასაუფლებლად გაგზავნა გერმანიაში. დაუღალავი შრომით, ახალგაზრდა გრიგოლი გახდა ფილოსოფიის დოქტორი, ევროპის ცნობილი ორიენტალისტი, იგი ქართული ეკლესიის ისტორიაზე ლექციებს კითხულობდა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. იყო ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ფლობდა 16 ენას.

1931 წელს პარიზის მრავალრიცხოვანი ქართული სათვისტომოს თხოვნით ბერად აღიკვეცა, დააარსა ევროპაში პირველი ქართული მართლმადიდებელი წმიდა ნინოს ეკლესია და გახდა მისი მოძღვარი. 1934 წელს იგი შეამკეს მიტრით.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, კომუნისტურმა მთავრობამ არ მისცა სამშობლოში დაბრუნების უფლება. მას ოცნებად ჰქონდა სამშობლოში დაბრუნება და მშობლიურ უნივერსიტეტში მოღვაწეობა. ამის შესახებ არაერთგზის წერდა იგი უნივერსიტეტის რექტორს ივანე ჯავახიშვილს, მის პედაგოგს კორნელი კეკელიძეს და ორჯერ მიმართა იოსებ სტალინსაც კი.

სიცოცხლის ბოლო წლები მან გაატარა პოლონეთში, მის მეორე სამშობლოში. ფაშისტური გერმანიის პოლონეთში შეჭრის შემდეგ, არ დატოვა ვარშავა. ფაშისტებმა მამა გრიგოლი ოსვენციმის ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. 1942 წლის 6 დეკემბერს 45 წლის მამა გრიგოლი აღესრულა მოწამეობრივი სიკვდილით ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. მისი მოწამეობა თანამედროვე მართლმადიდებლობის ერთ-ერთ ნათელ ფურცელს წარმოადგენს.

1995 წლის 17 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა. მისი კანონიზება იმ წელსვე ცნო პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც. გრიგოლ ფერაძის სახელი ამოტვიფრულია ვარშავის უნივერსიტეტის ომში დაღუპული პროფესორების მემორიალურ დაფაზე.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ და წმ. გრიგოლ ფერაძის საზოგადოება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი