2015-12-18

თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დაარსების 70 წლის იუბილე

18 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი თავისი 7 კათედრით (არაბისტიკის, ირანისტიკის, თურქოლოგიის, ებრაისტიკა-არამეისტიკის, ასირიოლოგიის, არმენოლოგიის, აღმოსავლეთის ისტორიის) აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დაარსების 70 წლის იუბილეს საიუბილეო სამეცნიერო კონფერენციითა და  აღმოსავლეთმცოდნეობის სამეცნიერო შრომების სპეციალური კრებულის პრეზენტაციით აღნიშნავს. ღონისძიებას დაესწრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები,  თსუ აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და  მოწვეული სტუმრები.

1945 წელს აკად. გ. წერეთლის ინიციატივით თსუ-ში დაარსდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. იგი გახდა მსოფლიოში აღიარებული ქართული ორიენტალისტური სამეცნიერო სკოლის ცენტრი. დღეს მისი მემკვიდრეა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელიც წარმატებით იკვლევს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ენებს, ისტორიას, რელიგიებს, ისლამურ კულტურას,  ლიტერატურას, ხელოვნებას, ფილოსოფიას, სამართალსა და მის ინსტიტუტებს, შუა საუკუნეების მუსიკას, ქართულ-აღმოსავლურ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ, ენობრივ, ლიტერატურულ და კულტურულ ურთიერთობებს, აღმოსავლეთის თანამედროვე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სხვ. რეალიებს.

მისამართი: ი. ჭავაჭავაძის გამ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი