2013-07-06

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების განხილვა თსუ-ში

6 ივლისს,  13.00  საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის სამი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრა  თსუ სტუდენტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. შეხვედრის ორგანიზატორია თსუ იურიდიული ფაკულტეტი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).

საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლება ექნება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ორმაგი მოქალაქეობა; მეორე ცვლილების პროექტი პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე კონტროლის ამჟამად მოქმედი წესის შენარჩუნებას და ბიუჯეტის კანონის მიღებასთან დაკავშირებულ ახლებურ რეგულაციებს ითვალისწინებს; ხოლო მესამე ცვლილების პროექტის თანახმად, შენარჩუნდება კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად ამჟამად მოქმედი კვორუმი – 2/3, ნაცვლად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელი ხმათა ¾–ისა.

შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი,  აუდიტორია N135

« იხ. ყველა ანონსი