2015-07-06

„ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ საანგარიშო ღონისძიება

6  ივლისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ დაწყებიდან 5 წლის საანგარიშო ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ილიაუნის, სამედიცინო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის, გორის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები და სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სომხეთისა და აზერბაიჯანის საელჩოების წარმომადგენლები.

2010 წლიდან ე.წ. „საშეღავათო პოლიტიკის“ ფარგლებში, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში შემოიღეს კვოტირების სისტემა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის. მშობლიურ ენაზე უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, არაქართულენოვანი აბიტურიენტები 1 წლის განმავლობაში ემზადებიან ქართულ ენაში და ენის სათანადოდ ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდეგ ირჩევენ მათთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამას, რომელზეც აგრძელებენ სწავლას.

2010 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი გახდა ჩვენი 2500-ზე მეტი მოქალაქე. მარტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენაში მომზადების პროგრამა გაიარა 1500-მდე სტუდენტმა.

ქართული ენის შესწავლის გარდა, არაქართულენოვანი სტუდენტები 1+4 პროგრამის ფარგლებში, ინტეგრირდებიან ქართულენოვან სტუდენტურ საზოგადოებაში, ეუფლებიან ამა თუ იმ პროფესიას და საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად ყალიბდებიან.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია ამ თარიღს საინტერესო ღონისძიებებით აღნიშნავს: გადაღებულია დოკუმენტური ფილმი პროგრამის მიღწევებისა და არსებული პრობლემების თაობაზე; იგეგმება არაქართულენოვანი სტუდენტების გამოსვლები პროგრამის ავკარგიანობის შესახებ; სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ქართულ ენაში მომზადების პროგრამის ხელმძღვანელები შეკრებილ საზოგადოებას ჩააბარებენ ერთგვარ ანგარიშს კონკრეტულ უნივერსიტეტებში მიმდინარე პროგრამების სპეციფიკის, წარმატებებისა თუ პრობლემების შესახებ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი