2010-03-05

სამეცნიერო ჟურნალის “კავკასიოლოგიური ძიებანი” პრეზენტაცია

       ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  11 მარტს, 11:00 საათზე სამეცნიერო ჟურნალის “კავკასიოლოგიური ძიებანი” პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. საერთაშორისო კავკასიოლოგიურ სამეცნიერო ჟურნალში ძირითადად გამოყენებულია მასალები კავკასიოლოგთა პირველი საერთაშორისო კონგრესისა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით 2007 წელს მოეწყო. “
       სამეცნიერო ჟურნალი “კავკასიოლოგიური ძიებანი” კავკასიური იდეის კონცეპტუალურ საფუძვლებს ემყარება. კავკასიის რეგიონალიზაციის პრინციპებს აყალიბებს საერთო გეოგრაფიულ სივრცეში თანაცხოვრების ტრადიციული და თანამედროვე კულტურა, კავკასიელი ხალხების ლინგვისტური, ეთნოგენეტიკური, კულტურული ნათესაობა და საერთო ისტორიული წარსული. მოპოვებული მიღწევებისა და თანამედროვე კვლევების კვალდაკვალ ჟურნალი აერთიანებს კავკასიოლოგიის პრობლემათა შემსწავლელ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგებს და, შესაბამისად, განსაზღვრავს კავკასიელი ხალხების სოციოკულტურულ როლს”. – აღნიშნულია ჟურნალის ანოტაციაში.
       სამეცნიერო ჟურნალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით და ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით გამოიცა.
       “კავკასიოლოგიური ძიებანი” წელიწადში ერთხელ გამოვა.




თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი