2015-11-05

იაპონელი მხატვრის მასტერკლასები თსუ-ში

5 ნოემბერს, 10:00 საათზე, ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონიის თანამედროვე ხელოვნების -,,კირიეს’’ (ფურცელზე ჭრა) ცნობილი მხატვარი, შუ კუბო, სპეციფიკურ  იაპონურ  ხელოვნებაში მასტერკლასს ჩაატარებს.

შუ კუბო დაიბადა 1951 წელს იაპონიაში. 1977 წელს ოსაკას გალერეაში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა, რის შემდეგ მან ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და მიწვეულ იქნა იაპონიის სხვადასხვა ქალაქებში.

მისი მუშაობის სპეციფიკას წარმოადგენს იაპონური ქაღალდი ,,ვაში“.  ,,ვაშის“ თითო ფურცელზე საჭრისის ფაქიზი გამოყენებით ქმნის ნახატს. მან შეიმუშავა განსაკუთრებული შერეული ტექნიკა, ის იყენებს პასტელისა და აკრილის  საღებავს, ქსოვილს, ქვიშას.  ნამუშევარის თემა თუ მოითხოვს, სიფრიფანა ,,ვაშის’’ არაერთ ფენას იყენებს სიღრმისა და სამგანზომილებიანი შეგრძნების შესაქმნელად და ორიგინალური, ცოცხალი ფერებით ობიექტის ტექსტურასაც გამოხატავს.

შუ კუბო 1995 წელს კობეში მომხდარი დიდი მიწისძვრის ეპიცენტრში აღმოჩნდა.  მან თავად გამოსცადა, თუ როგორ ტოვებს სტიქიური უბედურება წაუშლელ კვალს ისტორიაში და ადამიანის ცხოვრებაში. ამის შემდეგ მან თავისი შემოქმედების თემად აქცია ,,ქაღალდის იაპონიზმი“. მან მოიარა იაპონია და თავის ნამუშევრებში თითოეული სეზონის დამახასიათებელი „ინგრედიენტებისა“ და განწყობის გადმომცემი მოვლენებისა თუ საგნების ასახვა დაიწყო.

მისამართი: თსუ V კორპუსი, 313 -ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი