2017-11-17

კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები

17 ნოემბერს, 9.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებით გაიხსნება პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“, რომელსაც სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრებიან. კონფერენციაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერა, ევროკავშირის პროექტის “საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა”, B&S Europe -ს დირექტორი რაფაელ კომენჟი. 

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და ბელარუსის, ესტონეთის, ლატვიის, მოლდოვას და რუმინეთის კონკურენციის უწყებებს შორის.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნების გამოცდილებაზე სამართლიანი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის პროცესში, კონკურენციის გაუმჯობესების გზებზე, თუ როგორ ხდება კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება რეგულირებად სფეროებში, კონკურენციაზე სახელმწიფო შესყიდვებში, ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირებასა და კონკურენციის პოლიტიკის ხარვეზებსა და მათი დაძლევის გზებზე.

ღონისძიებას 20-ზე მეტი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი და ორასამდე მონაწილე ესწრება,  მათ შორის: ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, აკადემიური წრეებისა  და არასამთავრობო ორგანიზაციების მაღალი რანგის პირები.

პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, IOS Partners, Inc და საქართველოს კონკურენციის ინსტიტუტი.

პროგრამა
    
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი