2015-10-15

სვიმონ კლდიაშვილი - 150

15 ოქტომბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სვიმონ კლდიაშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ფოტო-გამოფენა და გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის" რედაქტორის ნინო კაკულიას მიერ მომზადებული ფილმის  - ,,სვიმონ კლდიაშვილი - პირველი ქართველი დიპლომიანი არქიტექტორი" (თანაავტორები: სალომე ჭანტურიძე და მარიამ გურგენიძე) ჩვენება გაიმართება.  გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სვიმონ კლდიაშვილის მიერ შექმნილი პროექტები, ექსპედიციის დროს შესრულებული  ჩანახაზები, განხორციელებული პროექტების ძველი ფოტოები, რომლებიც დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში,  საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ასევე გამოიფინება ახალი ფოტო-მასალა.

ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრებიან.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ბრძანებით, 2015 წელი ცნობილი ქართველი არქიტექტორის, უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის ხუროთმოძღვრის, სვიმონ კლდიაშვილის წლად გამოცხადდა. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სვიმონ კლდიაშვილის საიუბილეო წელს სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღნიშნავს (ბიუსტის დადგმა, გამოფენისა და კონფერენციის ორგანიზება,  ფილმის მომზადება, ალბომის გამოცემა და სხვა.)

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი