2017-10-18
მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის
18 ოქტომბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი მოაწერენ.
ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით განხორციელდება ერთობლივი პროექტები, ხელი შეეწყობა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ეროვნული არქივი და უნივერსიტეტი 2018 წლისთვის ერთობლივად მოამზადებენ და გამოსცემენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარის ნოე რამიშვილის სამენოვან (ქართულ-ფრანგულ-ინგლისურ) მემორიალურ ალბომს.
მემორანდუმის მიზანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ქართველ და უცხოელ სტუდენტთა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, ახალი გამოცემების მომზადებითა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაციის საშუალებით.
მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი