2018-05-24

ახალგაზრდა არქეოლოგთა X საიუბილეო საერთაშორისო კონფერენცია ვარძიის სამონასტრო კომპლექსში

24 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ახალგაზრდა არქეოლოგთა X საიუბილეო საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენცია არქეოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელს პიტ რივერსს ეძღვნება.

კონფერენცია დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპისა და ამერიკის უნივერსტეტებში. გასულ წელს თსუ-მ ამ კონფერენციაზე უმასპინძლა 10 ქვეყნის 19 ინსტიტუციას. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ვარშავის, ედინბურგის, ინსბრუკის, ოქსფორდის, ლაიდენის, დურჰამის, კა’ფოსკარის, სტამბოლის, მოსკოვის, ტიუმენის, ურალისა და სერბეთის უნივერსიტეტებმა, სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟის მუზეუმმა, დაღესტნის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტმა, სომხეთის მეცნიერთა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტმა და საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა. მანამდე თავისი ინდივიდუალური კვლევების შედგები წარმოადგინეს: ანკარის, თეირანის, მელბურნის, პენსილვანიის, შეფილდის, ბოლონიისა და სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. მოხსენებები ემყარებოდა ახალგაზრდა მონაწილეთა ინდივიდუალურ, გამოუქვეყნებელ სამეცნიერო კვლევებს ნეოლითიდან მოყოლებული გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. განხილული იყო მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის არქეოლოგიური  კვლევის საკითხები.

მოხსენებებს აფასებენ მუდმივი სამეცნიერო კომისიის წევრები: თსუ-ს, ოქსფორდის, იენის, ინსბრუკის, ედინბურგისა და ვენეციის უნივერსტეტების პროფესორები.

ვარძიის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდა არქეოლოგთა შორის კონტაქტების დამყარებას,  მათი კვლევების პოპულარიზაციას მსოფლიო სამეცნიერო ბაზარზე და შესაბამისად, ქართველი სტუდენტი-არქეოლოგების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას.

კონფერენციის მსვლელობის დროს, გარდა მოხსენებებისა, გაიმართება დისკუსიები არქეოლოგიასა და მომიჯნავე დარგებში განხორციელებული კვლევების შესახებ, დაისახება სამეცნიერო პრობლემათა გადაწყვეტის გზები.

მისამართი: ვარძიის სამონასტრო კომპლექსი  

« იხ. ყველა ანონსი