2010-05-20

თსუ–ის გამომცემლობის პრეზენტაცია წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

20  მაისს, 14:30 საათზე  თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სპეციალური პრეზენტაცია გაიმართება.  გამომცემლობა უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილია და მისი მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სამეცნიერო, სასწავლო და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმატებით განხორციელებას. თსუ–ის გამომცემლობა გამოცემათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოიცემა ქართული და ნათარგმნი მხატვრული ლიტერატურა, სამეცნიერო ტექსტები, საუნივერსიტეტო და სასკოლო სახელმძღვანელოები, სხვადასხვა ტიპის ლექსიკონები, მონოგრაფიები.

ფესტივალზე უნივერსიტეტის გამომცემლობის გარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენს საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსი“. საგამომცემლო პროგრამა ლოგოსი  1996 წელს დაარსდა. იგი  თსუ–ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებს და მისი ძირითადი მისია საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრესტიკის განვითარების ხელშეწყობაა, თუმცა პროგრამა ლოგოსის ეგიდით სხვა თემატიკის მრავალი მნიშვნელოვანი გამოცემაც ხორციელდება. ამჟამად გამოსაცემად მზადდება ენციკლოპედია „ანტიკური კავკასია“.


მის: მელიქიშვილის ქ. 1, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი