2014-02-10

ქართული დიალექტური კორპუსი -"კორპუსული შეხვედრები 2014"

10 თებერვალს, 18:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროექტის ”საქართველოს ლინგვისტური პორტრეტის” ფარგლებში მომზადებული ქართული დიალექტური კორპუსის წარდგენა და გაცნობა გაიმართება. დაიწყება შეხვედრების სერია, რომლის მიზანია, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისათვის კორპუსის, როგორც ქართული ენობრივი მასალის მომცველი მასშტაბური ენათმეცნიერული და კულტურული პროდუქტის პოპულარიზაცია.

შეხვედრის ფარგლებში იგეგმება ექსპედიციების დროს ჩაწერილი უნიკალური ტექსტების, აუდიო და ვიდეო მასალის ჩვენება, კორპუსის შემადგენლობის, მისი მნიშვნელობის გაცნობა. შეხვედრების სერია, რომელიც 2014 წლის განმავლობაში პერმანენტულად გაიმართება მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების,  სტუდენტების თუ დაინტერესებული საზოგადოებისათვის, გამიზნულია ამ უნიკალური   პროდუქტისკენ სხვადასხვა მიმართულების მომხმარებლისთვის გზის გაკვალვისათვის.

 „ქართული დიალექტური კორპუსი“ არის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით აგებული საინფორმაციო-საცნობარო სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ქართული ენის ნებისმიერი ქვესისტემის ან სხვა ქართველური ენების მონაცემების შენახვა, აღწერა, კვლევა. მეტიც, კორპუსის მოდელი შეიძლება გამოყენებული იქნეს ნებისმიერი მულტილინგვისტური ენობრივი არეალის აღსაწერად.

დღეისათვის კორპუსში 1 453 325 სიტყვაა. ტექსტური მასივის შევსება გრძელდება. შინაარსობრივი თვალსაზრისით კორპუსი მოიცავს სხვადასხვა დანიშნულების ავთენტურ ტექსტებს. მომხმარებელი აქ იპოვის ადამიანებს, ისტორიებს, კულტურულ რეალიებს, მიგრაციების მარშრუტებსა და შედეგებს, ტოპონიმებს, საკუთარ სახელებს, ისტორიულ პიროვნებათა შესახებ მოგონებებს, კულინარიულ რეცეპტებს, ფოლკლორულ ვარიაციებს, ხალხური დიპლომატიისა და ერთა შორის ურთიერთობის შესახებ ცნობებს.

ენა ეროვნული კულტურის  ფუნდამენტური ღირებულებაა. ის არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი ერთიანობის უმთავრესი გარანტი, ერის იდენტობის მახასიათებელი ან ქვეყნის ისტორიის და კულტურის აღბეჭდვისა და დაცვის საშუალებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლიც. მისი შენახვა, დაცვა და შესწავლა სახელმწიფოებრივი განვითარების ყველა ეტაპზე უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო.

ეროვნული არამატერიალური კულტურის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრე ქართული ენობრივი და დიალექტური მრავალფეროვნებაა. ქართველი ერი სამი ქართველური ენისა და მათი ორ ათეულზე მეტი დიალექტის „ობიექტივით“ აღიქვამს სამყაროს.

პროექტი „საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი“ ქართველური ენებისა და მათი დიალექტების თანამედროვე ტექნოლოგიებით დოკუმენტირებისა და კვლევის მიზნით შეიქმნა ამ საუკუნის დასაწყისში. ის მცირე-მცირე პროექტების სახით ხორციელდებოდა, ხოლო 2006 წლიდან არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტში ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში იქმნება „ქართული დიალექტური კორპუსი“.

კორპუსული შეხვედრები  სამუშაო ჯგუფის მიერ უკვე მიღწეული შედეგების გაცნობისა და ახალი სტრატეგიის განსაზღვრის, ახალი პერსპექტივების წარმოჩენის მიზნით დაიგეგმა.

მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ.N7; ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი; საკონფერენციო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი