2012-08-06

„ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში“

6 აგვისტოს, 10.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება „ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში“. ღონისძიება თსუ-ს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და იულიხის (გერმანია) კვლევათა ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ეწყობა.

„ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში“ უკვე მეხუთედ იმართება და მას საფუძველი 2004 წელს თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტისა და გერმანიის ქ. იულიხის კვლევათა ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ჩაეყარა. სკოლა-სემინარი ყოველ მეორე წელს ტარდება.

2010 წელს იულიხის კვლევათა ცენტრსა და თსუ-სა და სტუ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ქართულ-გერმანული თანამშრომლობა გაფართოვდა და ფიზიკის გარდა ფუნდამენტური მეცნიერებების სხვა   - როგორც საინჟინრო, ასევე საბუნებისმეტყველო დარგებიც მოიცვა. 2011 წლის დეკემბერში გერმანიის დელეგაციის ვიზიტის დროს კონცეფციის _ „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ ბაზაზე მიღწეული იქნა შეთანხმება ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების სფეროში.

წლევანდელი ღონისძიება გაფართოებული ფორმატით ტარდება. თსუ სკოლა-სემინარს 6-7 აგვისტოს უმასპინძლებს; ღონისძიება 9-10 აგვისტოს სტუ-ში გაგრძელდება; 13-17 აგვისტოს კი სემინარი „საზაფხულო სკოლის“ სახით  გადაინაცვლებს ბათუმში, რომლის მასპინძელია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპ, აუდიტორია № 6

« იხ. ყველა ანონსი