2019-09-09

გრიგოლ ფერაძის I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“

11 სექტემბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება გრიგოლ ფერაძის I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“. კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება და ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ წმინდანად შერაცხული არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 120 წლისთავს ეძღვნება.

ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სრულიად საქართველოს სათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის დირექტორი იან მალიცკი, შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია,  50-ზე მეტი მომხსენებელი საქართველოდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან. 

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, საქართველოს საპატრიარქო, წმიდა გრიგოლ ფერაძის კავშირი.

კონფერენცია დაიხურება წმინდანის დაბადების დღეს 13 სექტემბერს ბაკურციხეში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე




« იხ. ყველა ანონსი