2013-12-12

შალვა ნუცუბიძის 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები თსუ-ში

12 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს დამაარსებლის, გამოჩენილი ფილოსოფოსის, აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიხსნება.
11.00 საათზე სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები უნივერსიტეტის პანთეონში გვირგვინით შეამკობენ შალვა ნუცუბიძის საფლავს.
11.20 საათზე გაიხსნება შალვა ნუცუბიძის მემკვიდრეების მიერ თსუ ბიბლიოთეკისათვის საჩუქრად გადაცემული მეცნიერის პირადი კოლექციის  გამოფენა და გაფორმდება  ჩუქების ხელშეკრულება (ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი).
11.30 საათზე თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება შალვა ნუცუბიძისადმი მიძღვნილი გამოფენა. წარმოდგენილი იქნება შალვა ნუცუბიძის პირადი ნივთები. მათ შორის: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის მიერ ნაჩუქარი ბიბლია წარწერით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორეს მიერ ნაჩუქარი ვერცხლის ჭურჭელი და შანდალი; შალვა ნუცუბიძის სანადირო თოფი თავისი პატრონტაშით; კოვზი და შანდალი, რომლითაც ნუცუბიძე გადასახლებაში სარგებლობდა; „ვეფხისტყაოსნის“ ნუცუბიძისეული თარგმანი რუსულ ენაზე ავტორის წარწერით; ხელნაწერები,  წერილები, წიგნები და სხვა ნივთები. გამოფენა ერთ კვირას გასტანს.
12.00 საათზე გაიხსნება საიუბილეო სხდომა და კონფერენცია, რომელზეც მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მოწვეული სტუმრები. კონფერენცია 13 დეკემბერს დასრულდება.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი