2015-11-25

არიანე ჭანტურიას ხსოვნის საღამო თსუ-ში

25 ნოემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ცნობილი ქართველი მთარგმნელისა და ლექსიკოგრაფის არიანე ჭანტურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, რომელზეც ნაჩვენები იქნება არიანე ჭანტურიასადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი - ,,არიანე ჭანტურია _ შეუვსებელი სიცარიელე” (ავტორი ნინო კაკულია).

არიანე ჭანტურიამ 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ფილოლოგიის განხრით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, 1961 წლამდე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში ინგლისური ენის კონსულტანტად მუშაობდა. 1961 წლიდან 2006 წლამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის მასწავლებელი იყო, ხოლო უნივერსიტეტში განხორციელებული რეფორმის შემდეგ, 2006 წლიდან გარდაცვალებამდე მას მოწვეული პედაგოგის სტატუსი ჰქონდა. 1969 წლიდან პარალელურად მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ ,,მოამბეში” მთავარ მთარგმნელ-რედაქტორად. არიანე ჭანტურია სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრთან, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტთან, უნივერსიტეტის ქართველოლოგიურ ცენტრთან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან და სხვა. მას ეკუთვნის მრავალი ქართველი მეცნიერის ნაშრომთა ინგლისურენოვანი თარგმანები სხვადასხვა დარგში _ არქეოლოგია, გეოლოგია, ეთნოლოგია, ენათმეცნიერება, ისტორია, ლიტერატურათმცოდნეობა, რუსთველოლოგია, ფსიქოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ჰიდროლოგია, და ა.შ.

არიანე ჭანტურიამ წლების მანძილზე ჩუმად იღვაწა უნივერსიტეტის კედლებში და 2013 წელს უხმაუროდ წავიდა ამ ქვეყნიდან.

მისასმართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #13, VIII კორპუსი, სააქტო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი