2013-09-25

ჩემი სამყარო - მსოფლიო გამოკითხვა საქართველოში

25 სექტემბერს, 10:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მასობრივი კამპანიის - საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის „ჩემი სამყაროს“ მთავარი ღონისძიება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ინიტა პაულოვიჩა დაესწრებიან.

გამოკითხვის მიზანია გაარკვიოს, თუ როგორ სამყაროში სურთ ცხოვრება ადამიანებს და რა საკითხებია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს უპრეცედენტო საერთაშორისო პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოს 194 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. გამოკითხვის მონაწილეები ავსებენ კითხვარს და 16 ჩამოთვლილი საკითხიდან ირჩევენ პირადად მათთვის მნიშვნელოვან ექვს პრიორიტეტს. 

გამოკითხვის პირველადი შედეგების განხილვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შედგება. ადგილობრივი კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოს წარმოჩენას ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე. 

საქართველოში კამპანია „ჩემი სამყარო“  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობით. გამოკითხვა მიმდინარეობს ფოკუს ჯგუფების, SMS-ის და ვებ გვერდის მეშვეობით. გამოკითხვაში უკვე მიიღო მონაწილეობა 2 ათასზე მეტმა ადამიანმა. 

საქართველოს ყველა რეგიონში, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებში გაიმართება საინფორმაციო სესიები მსურველთათვის, ახალგაზრდული პარლამენტის წევრები პასუხს გასცემენ შეკითხვებს გამოკითხვის „ჩემო სამყარო“ შესახებ და დაეხმარებიან მსურველებს მონაწილეობა მიიღონ გამოკითხვაში ვებ გვერდის მეშვეობით.  

დღის მთავარ ღონისძიებას უმასპინძლებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პირველი კორპუსის შემოსასვლელში განთავსდება ტერმინალი, საიდანაც შესაძლებელი იქნება გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება, გაეროს წარმომადგენლები და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა შეხვდებიან სტუდენტებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ფოიე

« იხ. ყველა ანონსი