2014-06-26

ხელმოწერა „პარტნიორობის ინიციატივაზე“

26 ივნისს, 12.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს შვიდ უნივერსიტეტსა და ორ ბიზნეს-ასოციაციას შორის  „პარტნიორობის ინიციატივა“ გაფორმდება.

დოკუმენტი შემუშავდა ევროკავშირის უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობისა და თანამშრომლობის პროგრამის - ტემპუსის (TEMPUS) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სტუდენტური საკარიერო სერვისების განვითარება საქართველოში“ (CASEDE) - ფარგლებში და მისი მიზანია სტუდენტთა კარიერული სერვისის მნიშვნელობის აღიარება, ამ საკითხთან დაკავშირებული პრიორიტეტების გაზიარება და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. დოკუმენტი მიზნად ისახავს, ასევე, ნიადაგის შექმნას ამ სფეროში სამომავლო თანამშრომლობისთვის როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

„პარტნიორობის ინიციატივას“ ხელს მოაწერენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დოკუმენტს ხელს აწერს აგრეთვე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატა.

CASEDE - „სტუდენტური საკარიერო სერვისების განვითარება საქართველოში“ მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრების შექმნისა და სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობისთვის. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა), ესექსის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) და კორვინუსის უნივერსიტეტი (უნგრეთი). ამდენად, ეს პროექტი ქართული უმაღლესი სასწავლებლებისთვის ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებისა და მათთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაა. პროექტი ქმნის ქართული უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ პირველი კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  აუდიტორია (№107)



« იხ. ყველა ანონსი