2019-09-23

საქართველოს ეროვნული ატლასი (ინგლისურ ენაზე) და საქართველოს გეოგრაფიული ატლასი (ქართულ ენაზე) პრეზენტაცია

23 სექტემბერს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ მომზადებული „საქართველოს ეროვნული ატლასის (ინგლისურ ენაზე) და საქართველოს გეოგრაფიული ატლასის (ქართულ ენაზე) პრეზენტაცია გაიმართება.


 „საქართველოს ატლასი“ პირველი ინგლისურენოვანი გამოცემაა და ეძღვნება თსუ 100 წლის იუბილეს. „საქართველოს ეროვნული ატლასი“ არის სამეცნიერო-საცნობარო ხასიათის კომპლექსური კარტოგრაფიული ნაწარმოები, მოიცავს  დაახლოებით 120 რუკას, ასევე ტექსტებს, გრაფიკებსა და ფოტოებს. ატლასში წარმოჩენილია ქვეყნის მდებარეობა, ბუნებრივი პირობები, რესურსები, კულტურული მემკვიდრეობა, ისტორია, მოსახლეობა, მეურნეობა, სოციალური სფერო და ეკოლოგიური მდგომარეობა. მასში წარმოდგენილია სხვადასხვა სფეროებში არსებული თანამედროვე მეცნიერული მიღწევები.


საზოგადოებრივი გეოგრაფიის თემატური რუკების შედგენაში გამოყენებულია მოსახლეობის ახალი აღწერის მასალები. ატლასი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს და განკუთვნილია როგორც მეცნიერთა, ასევე საზოგადოების ფართო წრისათვის. ატლასი დაიბეჭდა გერმანიაში, ქ.შტუტგარტში, გამომცემლობა Franz Steiner Verlag-ის მიერ 2018 წელს. 


„საქართველოს გეოგრაფიული ატლასი“ დაიბეჭდა გამომცემლობა პალიტრა L-ში. იგი ახალი, თანამედროვე ტიპის გამოცემაა. მისი საშუალებით მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, ბუნებრივ და სოციალურ-კულტურულ გარემოს. ვრცელი ბიბლიოგრაფია, რომელიც ატლასში არსებული მასალის წყაროს წარმოადგენს, მკითხველისთვის შეიძლება დამოუკიდებელი კვლევის საფუძვლად იქცეს.



მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1 თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, თსუ მუზეუმი

« იხ. ყველა ანონსი