2019-10-08

„1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ სტაჟირების პროგრამა იწყება

8ოქტომბერს, 13:00საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“  სტუდენტებთან, თემაზე „სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია“ საჯარო ლექცია წაიკითხავს.
თსუ სტუდენტებს სახელმწიფო მინისტრი  „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“  მოსარგებლე პირთათვის განკუთვნილი სტაჟირების პროგრამის დაწყების შესახებ ესაუბრება, რომელზეც რეგისტრაცია სწორედ 8 ოქტომბერს დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გასტანს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით შემუშავებული საჯარო სექტორში სტაჟირების პროგრამა: „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (1+4 პროგრამის) მონაწილე სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და უკვე მესამე წელია წარმატებით ხორციელდება. სტაჟირება წელიწადში ორჯერ - შემოდგომასა და გაზაფხულზე ცხადდება.
პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. პროგრამა განკუთვნილია მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისთვის, აგრეთვე მაგისტრანტებისა და კურსდამთავრებულთათვის. 
რეგისტრაციის გავლა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე: smr.gov.ge  და საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე HR.GOV.GE არის შესაძლებელი.
სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ, N1, თსუ  1 კორპუსი, აუდიტორია 107. 

« იხ. ყველა ანონსი