2014-10-07

მემორანდუმები პარტნიორობის შესახებ

7 ოქტომბერს, 14.00  საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი გააფორმებს მემორანდუმებს საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, თსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის სოციალური მუშაობის განვითარების შესახებ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მემორანდუმს ხელს მოაწერენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.  ხოლო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას, თსუ-ს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის საუნივერსიტეტო სამაგისტრო კურსის „სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში“ შესახებ მემორანდუმს თსუ-ს და ილიაუნის რექტორები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბორის იაროშევიჩი მოაწერენ ხელს.

ხელმოწერილი მემორანდუმების თანახმად,  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შექმნის პირობებს სოციალური მუშაობის მიმართულების ბაკალავრიატებისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, პრაქტიკის გასავლელად, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურაში.  თავის მხრივ უნივერსიტეტები შეძლებენ ახალი არჩევითი კურსის საშუალებით სოციალური მუშაობის სამაგისტრო სწავლების სტუდენტებს შესთავაზონ საბაზისო ცოდნა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში სოციალური მუშაობის საუკეთესო გამოცდილების შესახებ.

მემორანდუმის ფარგლებშივე იგეგმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მომუშავე სოციალური მუშაკების მომზადება უნივერსიტეტების ბაზებზე. გარდა ამისა, უნივერსიტეტები მოამზადებენ სოციალური მუშაკების კვალიფიციურ კადრებს სასჯელაღსრულების სფეროში დასასაქმებლად.

მისამართი: გუდიაშვილის ქ. № 7. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, მესამე კორპუსი

« იხ. ყველა ანონსი