2013-11-04

ევროკავშირის კულტურის კვირეული

 4 ნოემბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის კულტურის კვირეული გაიხსნება ღონისძიებით „ვისაუბროთ წიგნებზე“ (თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე). ღონისძიების ოგანიზატორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და კულტურის ინსტიტუტებთან ერთად.

კვირეულის ფარგლებში თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა. ქართული გამომცემლობები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები წარმოადგენენ ევროპული და ქართული ლიტერატურის შედევრებს. წარმოდგენილი იქნება თამთა მელაშვილის წიგნი „გათვლა“, რომელმაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2013 წლის ოქტომბერში მიიღო მთავარი პრემია საყმაწვილო ლიტერატურის კატეგორიაში. წიგნი გერმანულად თარგმნა ნათია მიქელაძე-ბახსოლიანმა (გოეთეს ინსტიტუტი). ღონისძიებები ერთობლივად გაიმართება თბილისში, გორში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ბოლნისსა და ბათუმში.

კვირეულის ფარგლებში გაიმართება დისკუსიები უნივერსიტეტებში, სკოლებსა და წიგნის მაღაზიებში, რომლებიც საშუალებას მისცემს მონაწილეებს, გაიღრმავონ ცოდნა კლასიკურ და თანამედროვე ევროპულ ლიტერატურაზე და შეხვდნენ ქართველ მწერლებს, ლიტერატურის კრიტიკოსებს, ჟურნალისტებს, მთარგმნელებს, გამომცემლებს. თსუ-ში გაიმართება გამოფენა და დისკუსიები:

4 ნოემბერს, 12.00 საათზე თსუ ბიბლიოთეკაში დაცული ევროპული რარიტეტული წიგნების გამოფენა გაიმართება (თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკის ფოიე).
4 ნოემბერს, 17.00 საათზე აკადემიკოსი, პროფესორი რისმაგ გორდეზიანი გამართავს დისკუსიას თემაზე „ჰომეროსი და მისი მკითხველი“ (თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი).
6 ნოემბერს, 15.00 საათზე მწერალი და მთარგმნელი ირმა ტავლიძე გამართავს დისკუსიას თემაზე „ქართველი და ევროპელი მწერალი ქალები: 21-ე საუკუნე“.

« იხ. ყველა ანონსი