2017-01-28

თსუ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება 25 წლისაა

28 იანვარს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის/დეპარტამენტის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მიმართულების კურსდამთავრებულები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებიდან, სხვადასხვა უწყებიდან, უნივერსიტეტებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. 

1991 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, რომელიც სამ კათედრას აერთიანებდა, მათგან ორი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, ხოლო ერთი საერთაშორისო ურთიერთობების პროფილით. საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც მეცნიერება და როგორც საუნივერსიტეტო სპეციალობა, სრულიად ახალი სფერო იყო საქართველოში. საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის პირველ გამგედ არჩეულ იქნა პროფესორი ალექსანდრე რონდელი, რომლის სახელთან არის დაკავშირებული საერთაშორისო ურთიერთობების როგორც მეცნიერების ჩამოყალიბება საქართველოში.

25 წლის მანძილზე თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების  სპეციალობა იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ სპეციალობად, რომელიც წლების მანძილზე ინარჩუნებს პირველობას პოპულარულობის რეიტინგის მიხედვით საქართველოში. კურსდამთავრებულებს შორის მრავლადაა ჩვენი საზოგადოების ცნობილი სახეები - სახელმწიფო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, დიპლომატები და მეცნიერები.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ #1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი