2012-07-14

სტატიების კონკურსის პრეზენტაცია თსუ-ში

14 ივლისს, 12:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის მიერ გამოცხადებული სტატიების კონკურსის პრეზენტაცია.
კონკურსი მოიცავს სტატიებს, კვლევებს და ინტერვიუებს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში. მასში როგორც პრაქტიკოსი იურისტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მონაწილეობენ. კონკურსში გამარჯვებული სტატიები გამოქვეყნდება ცენტრის სპეციალიზირებული ჟურნალის პირველ ნომერში, რომელიც   2012 წლის ბოლოს,  როგორც ბეჭდვითი, ასევე ელექტრონული სახით გამოვა. ჟურნალი მიმართულია  საქართველოში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სამართლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და გაცვლისკენ.
ცენტრის ჟურნალის მიზანია ხელი შეუწყოს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ფორმების პოპულარიზაციას, წაახალისოს ინტენსიური მეცნიერული კვლევები რათა მოხდეს ამ სფეროში წარმატებული პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი იურისტების გამოვლენა, მათი საქმიანობის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა. გარდა ამისა, დავების გადაწყვეტის ალტერნატიული ფორმების განვითარების გლობალური ტენდენციების ქართული იურიდიული საზოგადოებისათვის გაცნობა. რეზონანსული მნიშვნელობის სტატიებისა და მოვლენების თარგმანის უზრუნველყოფა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3,  თსუ II კორპუსი, 135-ე აუდიტორია (მცირე საკონფერენციო).

« იხ. ყველა ანონსი