2017-11-17

საერთაშორისო კონფერენცია „ანისი გზაჯვარედინზე“

17 ნოემბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია „ანისი გზაჯვარედინზე“. კონფერენციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ქართველი სპეციალისტები, მკვლევრები ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სომხეთისა და თურქეთის სხვადასხვა სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებიდან დაესწრებიან. 

კონფერენციის ფარგლებში ეწყობა ორი გამოფენა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გამოიფინება თურქი ფოტოხელოვანის, ვედათ აკჩაიოზის ფოტოები, რომლებზეც ანისის ძეგლებია აღბეჭდილი. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კი წარმოდგენილი იქნება ანისის ნაქალაქარის ამსახველი ძველი ფოტოები მუზეუმის კოლექციებიდან.

ანისი – ათას ერთი ეკლესიის ქალაქი (ამჟამად თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორია) საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა იმ გზაჯვარედინს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და ეთნოკულტურული ინტერესები იკვეთებოდა. შედეგად, საუკუნეების მანძილზე ქალაქი ჩამოყალიბდა სწორუპოვარ მრავალკულტურულ გარემოდ, რომლის შექმნაშიც სომხურისა და ბიზანტიურის თანაგვარად ასევე აქტიურად მონაწილეობდა ისლამური, სახელდობრ სელჩუკური და ქართული ელემენტებიც.

ანისის ნაქალაქარი და მისი შემოგარენი დიდი ხანია იქცა მეცნიერთა, სიძველეებით დაინტერესებულ მკვლევართა თუ მომლოცველთა და მოგზაურთა საგანგებო ინტერესის საგნად; თუმცა ამ ისტორიული მხარის ცნობადობა განსაკუთრებით მას შემდგომ გაიზარდა, რაც იგი თურქეთის სახელმწიფომ UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში მულტიკულტურული ფენომენის ნიშნით წარადგინა. აღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი გახდა ანისის მრავალფეროვან გარემოში ქართველთა კვალის გამოყოფა და საქართველოს, როგორც აქტიური მონაწილის წარმოჩენა ამ გარემოს შექმნისა და ჩამოყალიბების პროცესში. შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდიმა დააფინანსა თსუ ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტის სამეცნიერო პროექტი „ანისი: ქართული კულტურული მემკვიდრეობა“, რომელიც ანისის ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას ისახავს მიზნად. პროექტის დაფინანსებაში ასევე მონაწილეობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

კონფერენცია 19 ნოემბერს დასრულდება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი