2016-09-07

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ფუტსალის გუნდის წევრებს შეხვდება

7 სექტემბერს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდის წევრებს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე შეხვდება და მადლობის სიგელებს გადასცემს. ღონისძიებას თსუ სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრებიან.

თსუ გუნდმა უეფას ფუტსალის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. პირველად საქართველოს ისტორიაში ქართული გუნდი უეფას ფუტსალის ძირითად ეტაპზე (Main round) იასპარეზებს.

თსუ გათამაშებაში პირველი (preliminary) რაუნდიდან ჩაერთო, რომელიც ფინეთში 16-21 აგვისტოს გაიმართა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე  32 გუნდი გადანაწილებული იყო 8 ჯგუფში. თითოეული ჯგუფიდან გასასვლელად პირველი ადგილის დაკავება იყო საჭირო.

კენჭისყრის შედეგად  F ჯგუფში თსუ-სთან ერთად „სიევა ფუტსალი“ (ფინეთი), „ვოტსელი“ (შოტლანდია) და  „ვალეტა“ (მალტა) მოხვდნენ. ჩვენმა გუნდმა შოტლანდიის „ვოტსელი“ ანგარიშით 12-4 გაანადგურა, მეორე ტურის მატჩიც დამაჯერებლად ჩაატარა მალტის „ვალეტასთან"  და 6-0 მოიგო. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ, მომდევნო ეტაპზე გადასასვლელ მატჩში  თსუ ფუტსალის გუნდმა მასპინძელი ქვეყნის - ფინეთის გუნდს „სიევა ფუტსალს“ დაძაბულ შეხვედრაში 5-4 მოუგო. სამი გამარჯვებით F ჯგუფში თსუ-მ პირველი ადგილი დაიკავა და ძირითადი ეტაპის (main round) საგზური მოიპოვა.

ძირითადი ეტაპის თამაშები მაკედონიაში 11-დან 16 ოქტომბრამდე ჩატარდება, სადაც მასპინძელ „ჟელეზიჩართან" ერთად, აზერბაიჯანის ჩემპიონი „არაზნახიჩევანი" , კოსოვოს "ფენიქსი" და საქართველოს ჩემპიონი - თსუ-ს გუნდი იბრძოლებენ მომდევნო ეტაპზე (Elite round) გასასვლელად.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე




« იხ. ყველა ანონსი