2014-03-05

ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ №5 პრეზენტაცია

5 მარტს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ მეხუთე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ჟურნალის სარედაქციო კოლეგია, სტატიების ავტორები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ჟურნალი პოპულარულ ენაზე ასახავს თსუ-ში მიმდინარე საერთაშორისო მასშტაბების კვლევებს. აქ ნახავთ მასალებს სოციალურ, ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სამართლის, ეკონომიკის თემებზე უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შესახებ.

ჟურნალის მეხუთე ნომერში საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ქართველი მამლუქები ეგვიპტეში და ქართული სამონასტრო თემი პალესტინაში; პლატონური ტრადიციები და საქართველო; ეთნოლოგიის სიახლეები; საქართველოს სასკოლო განათლება გამოწვევების წინაშე; ემოციური ინტელექტის ცნება და კვლევები საქართველოში, სოციალური მედიის განვითარების ტენდენციები საქართველოს მაგალითზე; ლაზერული თერმობირთვული სინთეზი; ორგანოების რეგენერაციის საკითხები; ტყიბულ-შაორის საბადოს პერსპექტივები; ამერიკული გამოცდილება ქართული ტურიზმის განვითარებისთვის; სასურსათო უსაფრთხოების საკითხები; სოციალური მარკეტინგის გამოწვევები; სამართლის პრაქტიკული ყოფიერების შესწავლა; ჰიპერთერმია _ ონკოლოგიურ მეცნიერებებთან ბრძოლის ახალი მეთოდი; გულის კუნთის დაზიანების განკურნება; მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი გამოწვევების წინაშე; თსუ ვახუშტი ბაგრატონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დღევანედელი დღე და ა.შ.  

„თსუ მეცნიერება“ ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და წელიწადში ორჯერ გამოდის. მისი მიზანია თსუ-ში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შესახებ  ინფორმაცია როგორც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს, ასევე ფართო საზოგადოებას მიაწოდოს. ჟურნალში ასახული ყველა კვლევა საერთაშორისოდ აღიარებულია - მოპოვებული აქვს საერთაშორისო გრანტი, ჰყავს უცხოელი პარტნიორები ან წარდგენილია საერთაშორისო კონფერენციაზე.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე


« იხ. ყველა ანონსი