2018-09-28

უნიკალური არქივი თსუ-ში

28 სექტემბერს, 10.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საზეიმოდ გადაეცემა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრის აკაკი ჩხენკელის და ცნობილი მეცნიერის კიტა ჩხენკელის აქამდე დაკარგულად მიჩნეული საუკუნოვანი არქივი. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე, შვეიცარიის კონფედერაციის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, არქივის მფლობელები მარიანა და თომას კრაიერები და თომას ჰოიზერმანი, კომპანია „წყალი მარგებელის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი დაესწრებიან.

უნიკალური არქივი აკაკი ჩხენკელის (1874-1959) და კიტა ჩხენკელის (1895-1963) მემკვიდრეობისგან შედგება და მასში დაცულია ათასობით დოკუმენტი, პირადი წერილი, დიპლომატიური მიმოწერა, ქართულ მოღვაწეთა ბიოგრაფიული ცნობები. არქივი, რომელიც შემდგომში დაცული იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესწავლაში. ამასთან, არქივში არსებული პირველი და მეორე მსოფლიო ომისდროინდელი მასალები საინტერესოა არა მხოლოდ საქართველოს აკადემიური და სამეცნიერო წრეებისთვის, მას აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა. ჩხენკელების არქივში დაცული დოკუმენტები იმდროინდელ ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც ასახავს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი.
« იხ. ყველა ანონსი