2014-12-25

„ნარჩენებისგან შექმენი საახალწლო ხელოვნური ნაძვის ხე“

25 დეკემბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეკოკლუბის მიერ ორგანიზებული კონკურსის „შექმენი საახალწლო ნაძვის ხე“ გამოფენა და დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, კონკურსის მონაწილეები, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

საქართველოს სკოლის მოსწავლეების მიერ ნარჩენებისგან შექმნილი საახალწლო ხელოვნური ნაძვის ხეების გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შესარჩევი ეტაპების შედეგად გამოვლენილი 53 ნაშრომი.  კონკურსში სულ   საქართველოს 211 სკოლის 761 ნამუშევარი მონაწილეობდა. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს - მოსწავლეებს, პედაგოგებს და სკოლებს პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერი სკოლის  მოსწავლეს შეეძლო. კონკურსის მიზანია საახალწლოდ ტყეების განადგურებისა და ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრის შეჩერება. საამისოდ კონკურსის  ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს სკოლის მოსწავლეები წაეხალისებინათ და  ხელოვნური ნაძვის ხეების საკუთარი ხელით შექმნა შეეთავაზებინათ. მოსწავლეებს ნაძვის ხეები სხვადასხვა სახის ნარჩენებისაგან უნდა დაემზადებინათ. საამისოდ მათ უნდა გამოეყენებინათ ყველაფერი - ნაძვის ხის და მისი ტოტების გარდა. მასალა შეიძლება ყოფილიყო: მაკულატურა, პოლიეთილენი, ლითონი, ბიჟუტერია, ქსოვილი და სხვა.

შექმნილი ნაძვის ხეების ამსახველი ფოტოსურათები მოსწავლეებს სპეციალურ ელექტრონულ მისამართზე ან ეკოკლუბის ფეისბუკის გვერდზე უნდა გამოეგზავნათ. კონკურსში შემდეგი რეგიონების, ქალაქებისა და რაიონების სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა: აბაშის, აფხაზეთის, ბათუმის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თერჯოლის, ლანჩხუთის, მარტვილის, მესტიის, ოზურგეთის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ტყიბულის, ჩოხატაურის, ფოთის, ქუთაისის, ქობულეთის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ახალქალაქის, გორის, გურჯაანის, დმანისის, დუშეთის, თბილისის, კასპის, თიანეთის,  ნინოწმინდის, საგრეჯოს, სიღნაღის, რუსთავის, ქარელის, ხაშურის. აგრეთვე, კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების ქარძმანისა და სინაგურის მოსწავლეებმა, რომლებიც სოფელ პერევის საჯარო სკოლაში სწავლობენ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი