2013-10-18

ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET Foundation) ექსპერტების კვლევა და თემატური სემინარები საქართველოში

18 ოქტომბერს,  10.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET Foundation) ექსპერტები ჩაატარებენ სემინარს  თემაზე „ABET-ის აკრედიტაციის სტანდარტები და მიღების პროცედურები“ (Criteria and procedures for ABET accreditation).

სემინარს თსუ რექტორის მოადგილე მარინე ჩიტაშვილი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები და განათლების ექსპერტები დაესწრებიან. 

საქართველოში ABET Foundation-ის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული და სამეცნიერო/ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესწავლა და საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამების საერთაშორისო ABET-აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრა.  აღნიშნულ პროექტს ახორციელებს სსიპ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში.  ჩატარებული კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება საქართველოში ამერიკული პარტნიორი უნივერსიტეტების საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებების პროგრამების შერჩევისთვის. კვლევის შედეგები ასევე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, მათი პროგრამული განვითარების სრულყოფისა და გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვა-განხორციელების ჭრილში.

ABET-ი (ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭო) წარმოადგენს აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აკრედიტაციას ანიჭებს საგანმანათლებლო პროგრამებს გამოყენებით, კომპიუტერულ, საინჟინრო, და საინჟინრო-ტექნოლოგიურ მეცნიერებებში.  საბჭოს მიერ აკრედიტაცია მინიჭებული აქვს 3000-ზე მეტ პროგრამას, 600-ზე მეტ უნივერსიტეტში, მსოფლიოს 24 ქვეყანაში. 

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია № 101
« იხ. ყველა ანონსი