2014-09-08

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს, კავკასიის და ცენტრალური აზიის ებრაელები“

8 სექტემბერს, 10.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს, კავკასიის და ცენტრალური აზიის ებრაელები.“ ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საქართველოს და ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) წევრები.

კონფერენცია ტარდება ქართველი და ებრაელი ხალხის ოცდაექვსაუკუნოვან საიუბილეო წელს. ღონისძიებაზე სომხეთის, ბუხარის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის ებრაული  თემები წარმოადგენენ აკადემიურ კვლევებს. კონფერენციაზე განიხილება თემები:  ბიბლიური შემოქმედება და რელიგიური ცხოვრება;  ტრადიციული და თანამედროვე აღზრდა; ებრაული ენა და ლიტერატურა; ებრაელთა სამართლებრივი და სამოქალაქო სტატუსი; თემი და მისი ინსტიტუტები;  ურთიერთობები სოციალურ გარემოსთან; ეკონომიკა; ხელოვნება და კულტურა; მუსიკა; საზოგადოებრივი ასპექტები; კავშირები ებრაულ სამყაროსთან; სიონისტური აქტივობა და რეპატრიაცია ერეც-ისრაელში; აბსორბცია ისრაელის სახელმწიფოში.

კონფერენციის ორგანიზატორებია: ბარილაინის უნივერსიტეტი (ისრაელი), დაჰანის ცენტრი (ისრაელი), ისრაელის საელჩო საქართველოში, ისრაელის რელიგიის სამინისტრო, აშკელონის აკადემიური კოლეჯი (ისრაელი) და თსუ.

კონფერენციის პარალელურად თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში გაიხსნება გამოფენა „ქართული იუდაიკა“. გამოფენაზე თსუ ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნივერსიტეტში გამოცემული  და უნივერსიტეტელების სამეცნიერო ნაშრომები გამოიფინება, რომელიც ებრაულ კულტურას, ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს შეეხება. სამეცნიერო კვლევებთან ერთად, გამოიფინება უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ქართველი ებრაელების მხატვრული ნაწარმოებები. მათ შორის ჯემალ აჯიაშვილის თარგმანები, გურამ ბათიაშვილის პიესები და სხვა.

კონფერენცია 10 სექტემბრამდე გასტანს.
    
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე ( ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი