2018-01-30

წიგნის „ათონი - პატრიარქის გაზაფხული“ პრეზენტაცია

30 იანვარს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის „ათონი - პატრიარქის გაზაფხული“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, მეუფე შიო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

„ათონი - პატრიარქის გაზაფხული“ ასახავს 2004 წელს ათონის მთაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ვიზიტს, რომლის დროსაც მან ასევე მოინახულა დიდი ლავრისა და ქსეროპოტამის მონასტრები. ილია II იყო პირველი ქართველი პატრიარქი, რომელიც ათონის მთას ეწვია და ივერონის მონასტერი და ივერიის ღვთისმშობლის ხატი მოილოცა. წიგნი, რომელიც ფოტოალბომის სახით გამოვიდა, აერთიანებს ელჩის პირად მოგონებებს ისტორიული ვიზიტის შესახებ და უნიკალურ ფოტომასალას.

გამოცემის ავტორია “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” გენერალური მდივანი, ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ზვიად ჭუმბურიძე, რომელიც 2003-2007 წლებში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იყო საბერძნეთის რესპუბლიკაში.

ათონის მთას ქრისტიანულ მართლმადიდებლურ რელიგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილი უკავია. ივერიის ქართველთა მონასტერი მე-10 საუკუნიდან მე-16 საუკუნის ჩათვლით ქართული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი იყო. სწორედ ამ ცენტრმა განსაკუთრებულად დაახლოვა საქართველო ევროპულ ღირებულებებსა და კულტურასთან. აღსანიშნავია, რომ ივერონის მონასტერში უნიკალური საცავი არსებობს, რომელშიც ასობით იშვიათი ხელნაწერი და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლები ინახება. გამოცემაში ასევე წარმოდგენილია თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგისა და ექვთიმე მთაწმინდელის ხელნაწერი სახარების ამსახველი ფოტოები. ეს უნიკალური რელიკვიები ნაწილია იმ დიდი ეროვნული განძისა, რომელიც ივერონის საცავშია დაცული.   

წიგნის ერთ–ერთი მთავარი დანიშნულებაა მომავალ თაობებს შემოუნახოს ინფორმაცია ათონის მთაზე პატრიარქის ამ ისტორიული ვიზიტის შესახებ.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე







« იხ. ყველა ანონსი