2013-03-26

სტუდენტური კონკურსი - მისია 2013

26 მარტს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის - „მისია 2013“ პრეზენტაცია გაიმართება.
თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. 2013 წელს კონკურსის თანაორგანიზატორი კომპანია „ნატახტარი“ იქნება.
პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი დაესწრებიან.   
კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია (ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი)

« იხ. ყველა ანონსი