2014-02-04

კონსტანტინე წერეთლის ხსოვნის საღამო თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ებრაისტიკა-არამეისტიკის კათედრის დამაარსებლის, აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის ხსოვნის საღამო 4 თებერვალს გაიმართა. ღონისძებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ქართული საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, კონსტანტინე წერეთლის ოჯახის წევრები და ახლობლები დაეწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „კონსტანტინე წერეთელი გახლავთ პიროვნება, რომელმაც ქართულ მეცნიერებაში მთელი ეპოქა შექმნა. ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლა ყოველთვის ძლიერი იყო. სემიტოლოგიაში საერთაშორისო დონეზე მიღწეული წარმატებები კოტე წერეთლის სახელთან ასოცირდება. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწორედ მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის მოღვაწეობას მიაგებს პატივს.“
„დღეს ღირსშესანიშნავი საღამოა უნივერსიტეტში; ეს საღამო მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ჩვენთვის - ქართველი ებრაელებისთვის - იმათთვის, ვინც საქართველოში ვართ და ისრაელში წასულთათვის. ის ფაქტი, რომ ჩვენ - ქართველმა ებრაელებმა შევინარჩუნეთ ჩვენი სულიერება, ეს კოტე წერეთლის დამსახურებაა. მან წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოში ებრაისტიკის, როგორც მეცნიერების, დაარსება-განვითარებაში“,- აღნიშნა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა,  კლუბ „26 საუკუნის“ ხელმძღვანელმა, ებრაული ენის პედაგოგმა ზაირა დავარაშვილმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ  ქართველი მეცნიერები - კონსტანტინე წერეთლის მოსწავლეები, ახლობლები; გაიმართა კონსტანტინე წერეთლისადმი მიძღვნილი  თსუ სტუდია „მემატიანეს“ მიერ შექმნილი  დოკუმენტური ფილმის „იობის რწმენით და მოთმინებით“  ჩვენება.
2014 წელი გამოცხადებულია საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების და 26 საუკუნის თანაცხოვრების აღნიშვნის წლად. კონსტანტინე წერეთლის ხსოვნის საღამოს ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.

Print

« იხ. ყველა სიახლე